ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბაჟო გადასახადების შემცირება ჩინეთზეა დამოკიდებული, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ როგორ აპირებს ვაშინგტონი სავაჭრო ომის დაძაბულობის განმუხტვას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან ვაჭრობაში „სამართლიანი შეთანხმების“ შესაძლებლობას უსვამს ხაზს, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ვერ აკონკრეტებენ დეტალებს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის ზიანის მომტანი საბაჟო ტარიფებით გამოწვეული დაპირისპირება.
ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩინეთთან „სამართლიან შეთანხმებას“ მიაღწევს და კითხვაზე, აწარმოებს თუ არა ვაშინგტონი პეკინთან მოლაპარაკებებს, უპასუხა: „ყველაფერი მოქმედებაშია“.
ტრამპმა პეკინზე მიუთითა და თქვა, რომ ტარიფების შემცირების სისწრაფე „მათზეა დამოკიდებული“. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „ძალიან კარგად“ ეწყობა და შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.
მიუხედავად ვაშინგტონის მინიშნებებისა სამართლიანი შეთანხმების მიღწევის სურვილის შესახებ, ორმხრივი მოლაპარაკებების სტატუსი კვლავ გაურკვეველი რჩება.
კითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს პირდაპირი კონტაქტი ჩინეთთან სავაჭრო საკითხებზე, ტრამპმა უპასუხა: „ყოველდღე“, თუმცა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას ტარიფების შემცირების საკითხი „ჯერჯერობით“ არ განუხილავს.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების კულუარებში საუბრისას ბესენტმა თქვა: „ვფიქრობ, ორივე მხარე ელოდება მეორე მხარესთან საუბარს“.
ბესენტმა ასევე დასძინა, რომ ტრამპს ჩინურ საქონელზე დაწესებული ტარიფების ცალმხრივად შემცირება არ შეუთავაზებია.
„ემბარგო“
ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე საჭიროა ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის საქონელზე დაწესებული უკიდურესად მაღალი ტარიფების შემცირება.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა თქვა: „ვფიქრობ, არც ერთ მხარეს სჯერა, რომ არსებული ტარიფები მდგრადია, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ისინი ორმხრივად შემცირდება“.
„ეს ემბარგოს ტოლფასი სიტუაციაა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შეწყვეტა არავის ინტერესებში არ შედის,“ - თქვა ბესენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ორივე მხარისთვის შესაძლებელია დაძაბულობის შემცირება. თუმცა, მას არ დაუსახელებია ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თარიღი.
ტრამპის ჩინელ კოლეგა სისთან ურთიერთობაზე საუბრისას ბესენტმა აღნიშნა: „ყველაზე ძლიერი ურთიერთობა უმაღლეს დონეზე ერთდროულად კურთხევაცაა და წყევლაც.“ ბესენტის აზრით, „დაძაბულობის რაიმე ფორმით შემცირების შემთხვევაში, მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე არ დაიწყება.“
როგორც ცნობილია, ტრამპმა სწრაფად დააწესა მკაცრი ტარიფები სხვადასხვა ქვეყნისა და სექტორისთვის, თუმცა ზოგიერთი გამონაკლისიც არ დავიწყებია. ბოლოს ტრამპმა უზრუნველყო ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის, როგორიცაა სმარტფონები და ჩიპების წარმოების მოწყობილობები, გადასახადის დროებითი გადავადების ამოქმედება.
Financial Times-ის ოთხშაბათის ინფორმაციით, ტრამპმა შესაძლოა ეს გამონაკლისები გააფართოოს. გაზეთის ცნობით, ტრამპმა შესაძლოა ფოლადი და ალუმინი, ასევე ავტონაწილები, გაათავისუფლოს ჩინეთიდან იმპორტზე დაწესებული ზოგიერთი გადასახადისგან.
ცოტა ხნის წინ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული „საპასუხო საგადასახადო ტარიფები“ 84%-დან 125%-მდე გაზარდა, რაც ამ წლის დასაწყისში ფენტანილზე დაწესებულ 20%-იან გადასახადთან ერთად, საქონლის უმეტესობისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 145%-მდე გაზარდა.
ჩინეთის ზოგიერთ პროდუქტს, სავაჭრო აქტის 301-ე დამატებითი ნაწილის (რომელიც ეხება არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას) ფარგლებში დაწესებული ტარიფების გამო, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთები ეხება, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა ელექტრომობილები, ჯამში 245%-მდე იბეგრება.
საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე 125%-მდე საგადასახადო ტარიფები დააწესა და შეზღუდა იშვიათმიწა ლითონების ექსპორტი, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის.
„პირველ რიგში ამერიკა, მაგრამ არა მხოლოდ ამერიკა“
ბესენტმა ოთხშაბათს თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ პეკინის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელი „არამდგრადია“ და ეს „ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ მთელ მსოფლიოს“.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ასევე ისაუბრა აშშ-ის მგრძნობელობაზე სავაჭრო დისბალანსთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებასაც ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი ტარიფების მეშვეობით იმედოვნებს. „პირველ რიგში ამერიკა, არ ნიშნავს „მხოლოდ ამერიკას“, - თქვა ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯები ზოგადად სავაჭრო პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოწოდებაა, და გააკრიტიკა სხვა ქვეყნების პოლიტიკური არჩევანი, ამტკიცებდა რა, რომ ისინი ასუსტებენ აშშ-ის წარმოებას და საფრთხეს უქმნიან მის უსაფრთხოებას.